ბედნიერების საერთაშორისო დღე და ნიკას დედიკო, მაიკო, ჩვენთან.
რა თქმა უნდა შემთხვევით არაფერიც არ ხდება.
დღევანდელი კლასის საათის თემა    ერთ კვირაზე მეტიცაა  შერჩეული ჰქონდა ნიკას დედიკოს,დედის რჩევა "მინდა ბედნიერი იყო!" როდესაც კლასში შემოვიდა,თვალებაციმციმენულმა მახარა,თურმე დღეს ბედნიერების საერთაშორისო დღე ყოფილა.ლელა მასწავლებელოო. რაღაც ჩამეღვარა გულში,  ჩემთვისაც სასიხარულო  მოულოდნელობა  იყო.
თავად ბედნიერებაზე სასაუბროდ გვეწვია.საჭირო და მართლაც შეუცვლელი რჩევები მისცა ბავშვებს,რომლებიც საკუთარი ნიკასავით უყვარს. პრეზენტაციის შემდეგ პრაქტიკული სამუშაო შეასრულებინა,ბავშვებმა შეარჩიეს ის რჩევები რომელიც მათი აზრით ყველაზე საჭირო იყო,ბევრმა მათგანმა    დაწერა ყველა რჩევას გავითვალისწინებო.  საკუთარ თავს პირობა მისცეს,რომ   არ    შეუშინდნენ სირთულეებს ,თუ შეცდომას დაუშვებენ არ შეეშინდეთ აღიარების,არ ეშლება მას ვინც არაფერს აკეთებს....

'გულის ნახევარი"ნიკას დედიკოს გაატანეს,ნახევარი თავად დაიტოვეს.

           ბედნიერება ბავშვობაშია ,  ბავშვობა      ბედნიერებაა





















ტყის მეგობრები

როდესაც დავიწყეთ მზადება საგაზაფხულო წარმოდგენისთვის,რა თქმა  უნდა ,გაცნობიერებული გვქონდა რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა მაყურებლისა და ამავდროულად ერთიმეორის წინაშე. 

ცნობილია,რომ ბავშვები ხალისით სწავლობენ მათთვის საინტერესოდ დაწერილ სცენარს ,ადვილად ასახიერებენ როლებს .ამიტომ დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწერა სცენარი ისე,რომ თითოეულის ინდივიდუალურ შესაძლებლობასა და ინტერესზე ყოფილიყო მორგებული. 

როლების დანაწილებამ  ჟრიამული გამოიწვია.  საკუთარ თავს კითხვას უსვამდნენ ,შევძლებ ამის გაკეთებასო?  მიუხედავად ამისა .მეორე დღესვე იცოდა უმრავლესობამ მისთვის განკუთვნილი როლი და სიტყვა . რეპეტიციების მიმდინარეობისას კი ერთიმეორის სიტყვაც  ისწავლეს და თუ რომელიმე ბავშვი ავად ყოფნის გამო აცდენდა სკოლას ვიცოდით, რომ გამეორებაში ხელი არ შეგვეშლებოდა.

ამბავი კი მქონდა დაწერილი,მაგრამ სათაური არ მქონდა მოფიქრებული ,უფრო სწორად სავარაუდო ვარიანტებიდან ვერ შევარჩიე და ბავშვებს  ვთხოვე ,თავად გადაეწყვიტათ,რა უფრო აჯობებდა,რომელი სათაური შეგვერჩია ჩვენი წარმოდგენისთვის,
დიდხნს არც უფიქრიათ.   წარმოდგენას დავარქვით "ტყის მეგობრები"

დავიწყეთ ინტენსიური მზადება.  სულ მალე  ჩავთვალეთ,რომ მზად ვიყავით ავსულიყავით სკოლის სააქტო დარბაზში და იქ გაგვევლო რეპეტიციები.სანდრო გადაიკიდებდა მხარზე ჩემს ლეპტოპს(მძიმეა თქვენ ვერ წამოიღებთო -მეორეკლასელი ჯელტმენი) და  ასე  "უხმაუროდ" გავდიოდით გზას კლასიდან დარბაზამდე  მუსიკისა და ცეკვის  გაკვეთილებზე .  დერეფანში ყველა შემხვედრს    ესალმებოდნენ,(მერე რა რომ 20 -25 წუთის წინაც მიესალმნენ,თან მეცინება ,თან მიხარია,გამარჯობის თქმა რომ არ ავიწყდებათ,არ ეზარებათ)

ამასობაში მოახლოვდა 30 მარტი, 29 მარტს  ლიზიკოს დაბადების დღე ჰქონდა  და მეგობრებმა კარგად მოილხინეს.  ყოველ წუთსა და წამს ვგრძნობ,როგორ უყვართ ერთმანეთი და ბედნიერი ვარ.ვნატრობ,ასე გაგრძელდეს დიდხანს,არ შეუშალოს ხელი ამ მეგობრობას არაფერმა.

     და აი,30 მარტი ,მეგობრობის ზეიმი,ჩემი პატარების ღირსეული წარდგომა მაყურებლის წინაშე,სიხარულით სავსე თვალები,ოვაციები და აპლოდისმენტები,ბედნიერი ბავშვები და დედები. 

მიზანი მიღწეულია,განიცადეს დიდი სიხარული,ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობები. 
























ჩემი საკონფერენციო თემა




მშობლისა და სკოლის
თანამშრომლობა

ავტ. ლელა ზვიადაური
სკოლა-ლიცეუმ „პრომეთს“
დაწყებითი საფეხურის პედაგოგი



       სტატია მომზადდა განათლების საერთაშორისო აკადემია IAB-სა
       და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთობლივ კონფერენციაზე
       წარსადგენად





                   2018 წელი



სარჩევი
1. შესავალი
2. სკოლა და ოჯახი
     2.1. მშობლისა და ოჯახის როლი სწავლა-სწავლების პროცესში
    2.2. კვლევის შედეგები
    2.3. თანამედროვე რეალობა
3. მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა
4. სკოლისა და საკუთარი გამოცდილების შედეგები



მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა
1. შესავალი
ყოველთვის არსებობდა მშობლებსა და შვილებს შორის ხიდჩატეხილობის პრობლემა, რომელიც 21-ე საუკუნეში უფრო მეტად გაამძაფრა და დაამძიმა კომუნიკაციის დეფიციტმა.
სამწუხაროა ის ტენდენცია ,რომ დამწყები მოსწავლეების მშობლები პირველ რიგში კითხულობენ ,რომელ საათამდე დარჩება ბავშვი სკოლაში თუ ის გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფში იქნება,შეასრულებს თუ არა ყველა სამუშაოს სკოლაში,ხომ არ მოუწევს სახლშიც სწავლა და ა.შ.
მშობლებს ნაკლებად აქვთ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის, ურთიერთობების დეფიციტია  სხვადასხვა მიზეზის გამო  რაც არასასურველ გავლენას ახდენს ბავშვის კოგნიტურ-ემოციურ    განვითარებაზე. განსაკუთრებით -  სკოლამდელი ასაკისა   და დაწყებითი  კლასების  მოსწავლეებზე. ფსიქოლოგების განმარტებით კი  ამ ასაკის ბავშვებში ყალიბდება ფასეულობათა სისტემა ,რომელშიც ყველაზე დიდი როლი ოჯახსა და მშობლებს ენიჭება.
მშობელთა სწორი და ეფექტური ჩართულობა შეუცვლელი და უმნიშვნელოვანესი რგოლია უწყვეტი ჯაჭვისა, რომელსაც სკოლა-მასწავლებელი,ბავშვი და მშობელი წარმოადგენს. თუმცა რთულად მისაღწევია.  შედეგი ამ უწყვეტი ჯაჭვისა კი ბედნიერი და წარმატებული ახალგაზრდის მიღებაა, როგორი ახალგაზრდებიც ძალიან ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას!
სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს თემა  და    მინდა თქვენ წინაშე წარმოვადგინო   ის  გარკვეული გზები და საშუალებები, რომელიც მშობელს და სკოლას შეიძლება დაეხმაროს ბავშვთან სწორ, ჯანსაღ და ეფექტურ კომუნიკაციაში.
2. სკოლა და ოჯახი
2.1. მშობლისა და ოჯახის როლი სწავლა-სწავლების პროცესში
სწავლა-სწავლება რთული პროცესია,რომელშიც ბავშვი,მასწავლებელი და მშობელი თანაბრად უნდა იყოს ჩართული. სასურველი შედეგის მისაღწევად სამივე მხარის მონდომება, ძალისხმევა და გამუდმებული მუშაობაა საჭირო.
ამისათვის, პირველ რიგში მშობელს სჭირდება :
1.       დაინახოს საკუთარი ჩართულობის აუცილებლობა;
2.        გააცნობიეროს საკუთარი როლის მნიშვნელობა ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში;
3.        ირწმუნოს ჩართულობის  უპირატესობები,   თუ რამდენად შეუცვლელია მისი სწორი ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში , რა დიდი მნიშველობა აქვს მის მხარდაჭერას დამწყები მოსწავლისათვის და  რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე დედის ზრუნვა.
2.2.  კვლევის შედეგები
ნევროლოგმა, რომელმაც შეისწავლა 2-3 წლის ბავშვების ტვინის განვითარება ,შოკისმომგვრელი დასკვნა გამოიტანა: იმ ბავშვის ტვინი, რომელიც დედის მზრუნველობის ქვეშ იზრდება, მეტად ვითარდება, ვიდრე მზრუნველობამოკლებული ბავშვისა. ნევროლოგების კვლევამ  აჩვენა, რომ ბავშვის ტვინის განვითარება დამოკიდებულია დედისა და ბავშვის ურთიერთობებზე. ბავშვი, რომელსაც აკლია ზრუნვა და დედასთან ურთიერთობა, მეტადაა მიდრეკილი დანაშაულისკენ , ხოლო ბავშვი, რომელზეც ზრუნავენ , რომელთანაც დიდი დროის განმავლობაში თამაშობენ მშობლები, მეტად ვითარდება.
იგივე აჩვენა  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა .მშობლის ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველა საფეხურზე, განსაკუთრებით კი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით დამწყები საფეხურია, როდესაც მოსწავლის კოგნიტური მზაობა უპირველესია სკოლისთვის.
სწორედ ამ ასაკის ბავშვების მშობელთა ჩართულობა არის დაკავშირებული მოსწავლის კოგნიტურ-ემოციურ განვითარებასთან.  კვლევებით დადგენილია,რომ რაც უფრო მეტად არიან მშობლები ჩართული შვილის სასკოლო ცხოვრებაში,რაც უფრო მეტი მოლოდინი აქვთ შვილის მიღწევების მიმართ ,მით მეტად წამატებულები არიან მათი შვილები.
წარმატების ხელშემწყობი ფაქტორების დასადგენად ინგლისელმა მკვლევარებმა თორმანმა და ოდენმა 100 წარმატებული და   100 ნაკლებად წარმატებული მოსწავლის მონაცემები შეადარეს,   უმთავრესი განსხვავება ოჯახურ გარემოში აღმოჩნდა.აღმოჩნდა,რომ წარმატებული მოსწავლეების მშობლები ხელს უწყობდნენ ბავშვებში შემეცნებითი ინტერესების გაღვივებას.
საქართველოში ჩატარებულმა  საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებმა აჩვენა რომ ქართულ სკოლებში დაბალია მშობელთა ჩართულობა. ზოგ მშობელს კი  მცდარი წარმოდგენა აქვს საკუთარ როლსა და მნიშვნელობაზე  სასწავლო -სააღმზრდელო პროცესში.
2.3.  თანამედროვე რეალობა
თანამედროვე მშობელთა უმრავლესობას მიაჩნია,რომ მისი ჩართულობა უნდა  შემოიფარგლებოდეს საშინაო სამუშაოების შესრულებაში პირდაპირი დახმარებითა და აკადემიური მოსწრების მონიტორინგით.
რათქმა უნდა ყველა მშობელს არ მოეთხოვება ფსიქოლოგიის, უზნაძის თეორიებისა და სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის ცოდნა, რომელიც მას რეალურად შეიძლება დაეხმაროს შვილის აღზრდაში, ამიტომაც არასწორმა მიდგომამ შეიძლება თავიდანვე დემოტივაცია გამოიწვიოს მოსწავლეში და შედეგად მივიღოთ ახალგაზრდა, რომელზედაც ვერანაირი მოტივატორი ( გარეგანი თუ შინაგანი) ვერ იმოქმედებს მისი სწავლა-განათლების წასახალისებლად. ვინაიდან სკოლა ვერ აღზრდის მშობელს, ერთადერთი გზა რჩება მას რომ სწორი ინფორმაცია და ღირებული რეკომენდაციები მიაწოდოს მოსწავლის მეურვეს და ბავშვთან სწორ კომუნიკაციაში დაეხმაროს. ამისათვის კი სკოლასაც სიფრთხილე და დელიკატურობა მართებს რათა ურთიერთობა და თანამშრომლობა სკოლასა და მშობელს შორის ჯანსაღ გარემოში, სწორად და ეფექტურად შედგეს.
ნებისმიერ გამოცდილ სკოლასა თუ პედაგოგს უნდა მოეხსენებოდეს რამდენად დაუფასებელი და შეუცვლელია მშობლის სწორი ჩართულობა ბავშვის აღზრდაში!
როდესაც მშობელი ირჩევს სკოლას და ამ სკოლას აბარებს თავის შვილს, დიდი მნიშვნელობა აქვს მის დამოკიდებულებას შვილის განათლების მიმართ. მშობელს  შეუძლია გაზარდოს შვილის მოტივაცია, დისციპლინა, შეუცვალოს ქცევა,   გაზარდოს აკადემიური მოსწრება თუ აქტიურ და სწორ მონაწილეობას მიიღებს სასკოლო  ცხოვრებაში.
ბავშვის  აღზრდა მშობლის უდიდესი პასუხისმგებლობაა ,მისთვის განათლების მიცემა მიზანმიმართული პროცესია ,რომელიც ბავშვს ამზადებს სამომავლოდ, ეხმარება იყოს ერთი დიდი სოციალური გარემოს  ნაწილი, დაიმკვიდროს ადგილი ამ გარემოში , მიიღოს მონაწილეობა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამ პროცესს კი სწორად წარმართვა ესაჭიროება, რაშიც დიდი დახმარება შეუძლია რომ სკოლამა და პედაგოგმა გაუწიოს თითოეულ მშობელს.
3.         მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა
წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა,სასურველი და საჭირო კომუნიკაციის დასამყარებლად კი პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას.მისი როლი შეუცვლელია,მას შეუძლია კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით მშობელი ჩართოს სასკოლო ცხოვრებაში. დაანახვოს,რომ მის ჩართულობას სასწავლო პროცესში ღირებული მნიშვნელობა აქვს. ამის მისაღწევად საჭიროა მშობელი ენდობოდეს სკოლასა და პედაგოგებს, გრძნობდეს მათ კეთილგანწყობას, მზრუნველობასა და რეალურ მხარდაჭერას, იყოს დარმწუნებული სკოლისა და პედაგოგის კომპეტენციაში!
ამის მერე სკოლამა და პედაგოგმა მშობელთან უნდა იმუშაოს, რათა მან :
·         დაინახოს საკუთარი ჩართულობის აუცილებლობა;
·         გააცნობიეროს საკუთარი როლის მნიშვნელობა ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში;
·         ირწმუნოს ჩართულობის  უპირატესობები,   თუ რამდენად შეუცვლელია მისი სწორი ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში , რა დიდი მნიშველობა აქვს მის მხარდაჭერას დამწყები მოსწავლისათვის და  რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე დედის ზრუნვა.
რა უნდა გააკეთოს სკოლამ:
·         სწორი და ეფექტური კომუნიკაცია_ საგანცხადებე დაფები, მშობლებთან შეხვედრები და მათი აზრის გასაგებად გატარებული სხვადასხვა აქტივობები, ელექტრონული ჟურნალი, ელექტრონული და საფოსტო მიმოწერა, ღია კარის დღეები და სხვა;
·         დაეხმაროს მშობელს გააცნობიეროს მოსწავლის საჭიროებანი და სწორი კუთხით დაეხმაროს მას სიძნელეების გადალახვასა და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში_ ფსიქოლოგთან შეხვედრები, რეკომენდაციები ( რა უნდა იცოდეს პირველ კლასელის მშობელმა, როგორ უნდა შეუქმნას მოსწავლეს სასწავლო გარემო, როგორ უნდა იმოქმედოს მის მოტივაციაზე, როგორ უნდა დააგეგმინოს დღის რეჟიმი, როგორ უნდა ასწავლოს და მიაჩვიოს მის მოვალეობების შესრულებას და ა.შ.)
·         მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში_ ერთობლივი აქციები, გასვლითი ღონისძიებები, საქველმოქმედო პროექტები, მშობლებთა სტუმრად მოწვევა და მათი სხვადასხვა კუთხით ჩართვა;
·         მშობელთა წახალისების ფორმები და გზები;
სკოლაში    შექმნილი ამდაგვარი გარემო მშობელსა და მოსწავლეს აგრძნობინებს, რომ  უწყვეტი ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები არიან. 
4. სკოლისა და საკუთარი გამოცდილების შედეგები
ჩემსა და ჩვენი სკოლის პრაქტიკაში დიდი ხანია სწორედ ამ თანამშრომლობის პრინციპზე აგებულ მუშაობას ვახორციელებთ: ლიტერატურული  კაფეები, მშობლებთან შეხვედრები, ელექტრონული ჟურნალი, მეილებით ურთიერთობა, სხვადასხვა ღონისძიებები, ერთბლივი აქტივობები და ა.შ.           
მოცემული აქტივობების შედეგად მშობლებს გაეზარდათ ნდობა და კეთილგანწყობა სკოლის, პედაგოგების მიმართ, სკოლაში არსებული წესები დაეხმარათ  საკუთარი როლის მნიშვნელობის გაცნობიერებაში , ირწმუნეს უპირატესოსები,რაც ამ ჩართულობას ახლავს.
დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მშობელთა აქტიურმა ჩართულობამ მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე დადებითად იმოქმედა_ იზრდება წიგნიერების დონე, მოტივაცია, დისციპლინა, პოზიტიური ქცევა. არ აქვს ადგილი ძალადობას . ბავშვები დარწმუნებული არიან საკუთარ შესაძლებლობებში, ყოველივე ეს  საწინდარია წარმატებული და ბედნიერი ადამიანის მიღებისა, ანუ იმ მიზნის განხორციელებისა, რა მიზანსაც ჩვენი სკოლისა და მშობლის თანამშრომლობა ისახავს.




საოჯახო გაზეთი














პრეზენტაცია

ვაგრძელებთ პროექტს "მშობელთა ჩართულობა".აქტიურად ჩაერთვნენ მშობლები და ოჯახის სხვა წევრები საოჯახო გაზეთების გამოშვების პროცესში,ორმაგად სასიამოვნოა,როცა ამ პროცესში ბებო-პაპა ერთვება და მათი "სტატიები იბეჭდება"გაზეთში.სახალისოა მათ მიერ შედგენილი კროსვორდების,რებუსების,ანეგდოტებისა და ბრძნული გამონათქვამების კითხვა.

 პრეზენტაციისთის   დიდი სამზადისი იწყება .ყველა თავის გაზეთზე ფიქრობს,როგორ წარადგინოს . ერთი სიამოვნებაა მათი პრეზენტაციების მოსმენა.უციმციმებთ თვალები და წინაწარ ეცინებათ სახალისო ამბის წაკითხვის წინ.ზოგს სააზროვნო სტატიები აქვს წარმოდგენილი,ზოგს შემეცნებითი,ზოგს ლექსი,ზოგს ანდაზა....










მეთოჯინეთა დღე

    ეს დღეები სულ ასეთ ფუსფუსში ვართ.როგორ გამოვტოვებდით და არ აღვნიშნავდით მეთოჯინეთა დღეს! გავმართეთ წარმოდგენა და დღევანდელი გაკვეთილი'მეფე და მხატვარი"იმპროვიზირებულად წარმოვადგინეთ.   თოჯინების სკივრიდან პერსონაჟები ამოვარჩიეთ.  მთხრობელი წითელქუდა იყო,მოგვეწონა რატომღაც,მეფის არჩევანი კი გვქონდა რამდენიმე,მხატვარიც შევარჩიეთ. წარმოდგენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა" მაყურებელზე ".
           ჩვენ გვიყვარს სწავლა თამაშით.





საოჯახო გაზეთი

                            მშობელთა ჩართულობა და ოჯახური სწავლება

მოკლედ ფუსფუსა კვირა გვქონდა .გადავწყვიტე" საოჯახო გაზეთი გამოუშვან ბავშვებმა საკუთარი რედაქტორობით". ვთამაშობთ და ვსწავლობთ. ორ კურდღელს ერთად ვიჭერ    და   ეს პროცესი ისეთი სასიამოვნო ხდება-ოჯახი ჩართულია შვილის სასკოლო ცხოვრებაში და ბავშვები    შეძენილ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ,

სტატიის ავტორები წერენ სტატიებს ,(ლექსებს, ანდაზებს,გამოცანებს,  ადგენენ კროსვორდებს,რებუსებს,ხატავენ)  თამაშის პრინციპი კი ასეთია,სტატიაში დაშვებულია იმ სახის შეცდომა,რომელსაც  ბავშვი-რედაქტორი აღმოაჩენს,გაასწორებს ,უბრუნებს სტატიის ავტორს და გასწორებული სახით იბეჭდება გაზეთში. ბავშვებს უხარიათ ,აღმოაჩინეს შეცდომით დაწერილი სიტყვა,ფრაზა,იციან სწორი ფორმა და ასწორებენ.რწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობებში,ეზრდებათ მოტივაცია.

  ფინალური აკორდი  ყველაზე ამაღელვებელია,მოდიან დილით, სახე და თვალები უბრწყინავთ,. საოჯახო გაზეთს ამაყად "მოაბრძანებენ",მიუჩენენ საპატიო ადგილს საკლასო ოთახში  თვალსაჩინოებების დაფაზე. უცქერენ ბედნიერები და ამაყები,რადგან გაზეთის ყველა კუთხეში მათი ოჯახის წევრების სახელებია მიმობნეული აი,ქვემოთ კი დიდი ასოებით  გაზეთის რედატორის   სახელი და გვარი წერია.











ბედნიერების დღე

  ბედნიერების საერთაშორისო დღე და ნიკას დედიკო, მაიკო, ჩვენთან.
რა თქმა უნდა შემთხვევით არაფერიც არ ხდება.
დღევანდელი კლასის საათის თემა    ერთ კვირაზე მეტიცაა  შერჩეული ჰქონდა ნიკას დედიკოს,დედის რჩევა "მინდა ბედნიერი იყო!" როდესაც კლასში შემოვიდა,თვალებაციმციმენულმა მახარა,თურმე დღეს ბედნიერების საერთაშორისო დღე ყოფილა.ლელა მასწავლებელოო. რაღაც ჩამეღვარა გულში,  ჩემთვისაც სასიხარულო  მოულოდნელობა  იყო.
თავად ბედნიერებაზე სასაუბროდ გვეწვია.საჭირო და მართლაც შეუცვლელი რჩევები მისცა ბავშვებს,რომლებიც საკუთარი ნიკასავით უყვარს. პრეზენტაციის შემდეგ პრაქტიკული სამუშაო შეასრულებინა,ბავშვებმა შეარჩიეს ის რჩევები რომელიც მათი აზრით ყველაზე საჭირო იყო,ბევრმა მათგანმა    დაწერა ყველა რჩევას გავითვალისწინებო.  საკუთარ თავს პირობა მისცეს,რომ   არ    შეუშინდნენ სირთულეებს ,თუ შეცდომას დაუშვებენ არ შეეშინდეთ აღიარების,არ ეშლება მას ვინც არაფერს აკეთებს....

'გულის ნახევარი"ნიკას დედიკოს გაატანეს,ნახევარი თავად დაიტოვეს.

           ბედნიერება ბავშვობაშია ,  ბავშვობა      ბედნიერებაა
















.