ხეების იდუმალი ცხოვრება

-„რა მითხრა ხემ?“- ამ სახელით გვთავაზობს სტატიაში ერთ-ერთ საინტერესო აქტივობას საოცრად კარგი ადამიანი და მასწავლებელი ინა იმედაშვილი .ამავდროულად, მოკლედ გვიამბობს გერმანელი მეტყევის,პეტერ ვოლლებენის წიგნზეხეების იდუმალი ცხოვრება“ . წიგნი 2015 წელს გამოსულა ,მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ბევრ ქვეყანაში ბეტსელერია.

სტატიის წაკითხვისთანავე ვაწყობ გეგმებს ,როგორ განვახორციელებ აქტივობას პოპინსის კლასში .

მე და ჩემს მოსწავლეებს მხოლოდ ყინვა თუ გვაშინებს,თორემ ისე ხშირად ვსტუმრობთ ჩვენი სკოლის ეზოსა და სტადიონს საჭირო რესურსით შეიარაღებულნი . ხან ვკითხულობთ,ხან ვწერთ,ხან უბრალოდ ვაკვირდებით გარემოს და ჩანახატებს ვაკეთებთ.

შემოდგომის მზიანი დღე იყო,ცოტა სიგრილეშეპარული,ქურთუკები ჩავიცვით,მოვიმარჯვეთ უბის წიგნაკები,კალმები,ფერადი ფანქრები და სკოლის ეზოს მივაშურეთ.

ბავშვებს ვთხოვე,მისულიყვნენ სასურველ ხესთან ,ყური მიედოთ მისთვის ,ცოტა ხანს ჩუმად ყოფილიყვნენ და ეფიქრათ იმაზე,თუ რა შეიძლებოდა ეთქვა ხეს მათთვის.

ჟივილ-ხივილით მიმოიფანტნენ,დადგნენ სასურველ ხესთან და უცებ საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა.

ისეთი კარგი საყურებლები იყვნენ : ზოგს ყური მიედო ხისთვის,ზოგი ჩურჩულით ესაუბრებოდა,ზოგი ხელს უსვამდა ხეს ,ზოგი უბრალოდ იდგა და შეჰყურებდა....

ანამ და ნატალიმ ლამის იტირეს,ჩვენს ხეს წყალი სწყურია და თერმოსები კლასში დაგვრჩაო.ჩემს თანხმობას რაღა დალოდება უნდოდა , სასწრაფოდ შეირბინეს კლასში, გამოიტანეს თერმოსები და წყალი დაალევინეს მოწყურებულ ხეებს.

კლასში დაბრუნებულებმა ხმამაღლა წაიკითხეს ,რაც ეზოში,ხესთან საუბრისას ჩაიწერეს.

ყველა ნაწერში ერთსა და იმავე სიტყვებს ვისმენდით:მომიარეთ,არ მომჭრათ, მე თქვენ ჟანგბადს გაძლევთ,მე ხომ ასე გილამაზებთ ბუნებას,მე ჯერ პატარა ვარ,რომ დავბერდები მერე მომჭერით და ..

ყოველი აქტივობის განხორციელების შემდეგ,ახალი აზრი იბადება,თავად ბავშვები გვაწვდიან იდეებს.

გაზაფხულდა ,ჩვენი სკოლის ეზო ისეთი ლამაზი სანახავი გახდა. ახალი,ჩაფიქრებული იდეის ხორცშესხმის დღეც დადგა და კვლავ მივაშურეთ ხეებს.ოღონდ ამჯერად სხვა განზრახვით- უნდა გამოგვეკვლია მათი ასაკი, ასევე დარგვის ისტორიები. დახმარება პაპუნას ვთხოვეთ.პაპუნა ეზოს გამწვანებაზე,მოვლა-პატრონობაზე ზრუნავს. ძალიან მოეწონა ჩვენი მიზანი რომ გავაცანით და მეგზურობაც ღიმილით გაგვიწია .

ალუბალი 10 წლის ყოფილა, ,ნაძვი და ვაშლი ტოლები ყოფილან,ბუშმალა 10-ისაა, ტუია კიპარისი და ზეთისხილი 7 წლისები . მათი დარგვა ისე კარგად მახსოვს,ბატონმა მიშამ (აცხონოს უფალმა) და მარსელმა დარგეს. ატამი და ნუშიც ტოლები ყოფილან,ყველაზე პატარა ბზა 3 წლისაა. აი, ყველაზე დიდი ხის ასაკი რომ გავიგეთ,გული ამიჩუყდა.ეს ცაცხვი 20 წლის იქნება დაახლოებითო-გვითხრა ბატონმა მამუკამ და ის ჩვენი სკოლის დამაარსებლის,უკარგესი ადამიანის , ბატონი თემურის დარგული ყოფილა. კიდევ სხვა ხეების ასაკიც დავადგინეთ .დავაკვირდით,როგორ გამოიყურებიან ისინი გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს.ბავშვებმა ჩანაწერები დაათარიღეს . ერთმანეთს პირობა ჩამოვართვით,9 წლის შემდეგ,როდესაც ისინი სკოლას დაამთავრებენ , 2034 წლის 4 აპრილს ,პირველ საათზე, კვლავ შევხვდებით ამ ეზოში და ხეების ცვლილებას დავაკვირდებით. ეს ჩანაწერებიც სათუთად უნდა შეინახონ და შეადარონ . მამუკასა და პაპუნას სახეზე კი ვატყობთ გაოცებას,მაგრამ ჩვენ სასიამოვნოდ გაკვირვებული სახეების ყურებას მიჩვეული ვართ.

და მაინც ,რატომ არიან ხეები ასეთი სოციალური არსებები? რატომ უწილადებენ საკუთარ საკვებს თავისივე სახეობის წარმომადგენლებსა და კონკურენტებსაც კი? მიზეზი იგივეა,რაც ადამიანთა საზოგადოებაში:ერთად უფრო იოლია,ერთი ხე -ტყე არ არის---ვკითხულობ წიგნში,რომლის აქამდე არწაკითხვასაც ვნანობ და იმწამსვე პირველკლასელი ალექსანდრეს სიტყვები ჩამესმის ყურში:ჩვენს კლასში არ არსებობს მე ,ჩვენს კლასში არსებობს მხოლოდ ჩვენ! მისი ეს სიტყვები მესამე წელია კლასის დევიზად გვექცა.

კვლავ წიგნს მივუბრუნდები: ორი ნამდვილი მეგობარი თავიდანვე ფრთხილობს,რომ მეტისმეტად არ გაიმსხვილოს ერთმანეთისკენ გაშვერილი ტოტები.მეგობარი ხეები ერთმანეთს არაფერში ეცილებიან, ფესვებით ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი არიან....

ხეები თავგამოდებით ზრუნავენ ავადმყოფ მეგობარზე და სანამ არ გამოკეთდება საკუთარ საკვებს უნაწილებენ

საოცარია ეს ყველაფერი,მიკვირს,ემოციებით ვივსები და კიდევ მეტად ვჩქარობ,ჩემს ბავშვებს ერთი კარგი თიანელი ,ახალგაზრდა მეტყევე გავაცნო,რომელიც საკუთარი თვალით ნანახს საკუთარ გამოცდილებაზე უამბობს მათ.

 

 











No comments:

Post a Comment