მინდა იყო ბედნიერი


                                                             მინდა იყო ბედნიერი!

ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება,ყოველდღიური ზრუნვა მათი ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის -მიზეზი,რის გამოც ვარ პედაგოგი. რაც დრო გადის ,მით უფრო ვრწმუნდები ,რომ პროფესია     სწორად მაქვს არჩეული .ვცხოვრობ  სამყაროში,რომელიც ჩემთვის ყველაზე ფერადია.ამ სამყაროში  ყოფნა    ნიშნავს  სიახლეების ძიებას,   მუდმივ  ფიქრს,როგორ გაულამაზო  პატარა ადამიანებს  სასკოლო  ცხოვრება,რა გააკეთო იმისათვის ,რომ  მათ სკოლაში მოსვლა  უხაროდეს..
როგორც ცნობილია პედაგოგი თავად არის   სკოლაში ყველანაირი სიახლის ინიციატორი, თუმცა კლასის დამრიგებლობა მეტად  მაძლევს საშუალებას ,ბავშვების სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით ,   საკლასო და კლასგარეშე  ღონისძიებებით გავალამაზო; შვილების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთო  მშობლები.
 მათ სწორ და ეფექტურ ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს . ეს დადებითად ისახება ბავშვების ქცევაზე,მოტივაციაზე სწავლის მიმართ.მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას, ზრდის და აძლიერებს მის თვითშეფასებას. ამიტომ აუცილებელია, ჩამოყალიბდეს კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობა მშობელსა და მასწავლებელს შორის.  მასწავლებელმა ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებით მშობელი უნდა ჩართოს სასწავლო პროცესში.მთავარია ,მშობელი ენდობოდეს სკოლას,მასწავლებელს და კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული საკუთარი ჩართულობის როლი და მნიშვნელობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
ამ მიზნით  კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას   ვიყენებ:,ხშირი შეხვედრები და საუბრები,შეტყობინებებისა და   მადლობის წერილის გაგზავნა...მშობლებთან     კეთილგანწყობილი    და თანამშრომლობითი  დამოკიდებულება მეხმარება ჩავრთო    ისინი სასკოლო თუ საკლასო ღონისძიებებში.
ჩვენ,პედაგოგებს ,შეგვიძლია მოვიფიქროთ ისეთი აქტივობები,რომელიც მოითხოვს მშობლებისა და შვილების ერთად საქმიანობას. შედეგი ასეთი ერთობლივი საქმიანობისა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს როგორც მშობელს,ისე შვილს.
გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი“საოჯახო გაზეთი“,რომელიც ოჯახური სწავლების ერთ-ერთი ეფექტური   მეთოდია  და ხელს უწყობს  კითხვისა და წერის  უნარების გაუმჯობესებას,ფანტაზიის, შემოქმედებითი უნარების,პრეზენტაბელურობის  განვითარებას..
როდესაც  ჩემს მეორეკლასელებს  საოჯახო გაზეთის გამოცემა შევთავაზე ,ბავშვები  ჯერ  დაიბნენ,შემდეგ მიხვდნენ ,რა უნდა გაეკეთებინათ   და  ვისთან ერთად, დამშვიდდნენ,გამხიარულდნენ. კლასშივე დაიწყეს ფიქრი,რას დაარქმევდნენ საკუთარ საოჯახო გაზეთს. ვინ იქნებოდა სტატიის ავტორი.რა თემებზე დაწერდნენ სტატიებს.. დაიწყო გადამდები ფუსფუსი.



თეკლამ  საოცრად მოკლე დროში მოასწრო გაზეთის გამოცემა.ამაყად წარადგინა კლასის წინაშე საოჯახო გაზეთი,რომელზეც მისი მშობლებისა და დაიკოს ხელით დაწერილი სტატიები იყო განთავსებული.იქვე ხელებიც მიეხატათ,მხოლოდ მამას ხელი ეკლდა-----მაწავლებელო,მამაჩემს იმხელა ხელი აქვს, რომ დადო ფურცელზე სულ დაფარა სტატიები და აღარ დავახატვინეო.
თეკლას გაზეთს სანდროს გაზეთი მოჰყვა.სანდროსას - ქეთოსი,ლიზასი,ნიკასი..თითოეული განსხვავებული თემებით იყო  წარმოდგენილი.
ყოველდილით სახეგაბრწყინებულები მოდიოდნენ  გულზე მიკრული გაზეთებით, გვაცნობდნენ სტატიის ავტორებს:ეს    ანდაზა დედამ დაწერა,ეს გამოცანა მე მოვიფიქრე,ეს  ლექსი მამამ დაწერა- არ დავიძინე ,სანამ არ მოვიდა, იმდენ ხანს ველოდეო,ეს რებუსი    და  კროსვორდი მე და ბაბუმ ერთად შევადგინეთო-სიამაყით წარადგენდნენ  საკუთარ შემოქმედებას. ვისმენდით სხვადასხვა საინტერესო  საინფორმაციო,შემეცნებით, მხატვრულ ტექსტებს,გამოცანებს,ანდაზებს,რებუსებს, რჩევებს, ლოგიკურ ამოცანებს.გაზეთებისთვის  სახელებიც შეერჩიათ.


უკვე მეორე წელია ერთად ვართ და    მეგონა  ყველაფერი ვიცოდი ბავშვების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესახებ .      პროექტის მიმდინარეობისას   აღმოვაჩინეთ,რომ მარიამი    და  ეკატერინე რითმებს ემეგობრებიან. გულისამაჩუყებელი იყო  გოგონების მიერ დაწერილი ლექსები საყვარელ დედაზე , მეგობრობაზე.მარიამისა და ეკატერინეს    ლექსებს მალე ჟურნალის „დილა„რედაქცია გამოსცემს.








მიზანი ამ აქტივობისა მშობლებისა და შვილების ერთობლივი საქმიანობა იყო,  რაც ხელს უწყობს ბავშვებში მრავალხმრივი უნარების განვითარებას,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებასა და თვითშეფასების ამაღლებას.
ამ მიზნითვე მოვიწვიე    კლასის საათზე  ნიკას და კესანეს დედიკოები   .მათი სტუმრობა ბედნიერების საერთაშორისო დღეს დაემთხვა.





დედებმა შვილებსა და მათ მეგობრებს სწორი და საჭირო რჩევები მისცეს.   ერთად განიხილეს სიტუაციური ამოცანები .   ხალისით  შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები.,დღის ბოლოს ემოციებით დატვირთულმა დედებმა   აღნიშნეს , რომ ბედნიერები არიან ამ შეხვედრით,კიდევ ერთხელ ირწმუნეს საკუთარი ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა.
მიხარია,აღნიშნული აქტივობებით სასურველ მიზანს მივაღწიე:ბავშვებს გაეზარდათ მოტივაცია, გაუმჯობესდა მათი კითხვისა და წერის  უნარები,ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობები,  აუმაღლდათ თვითშეფასება,   გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით ,გახდნენ ლაღები. ეს კი მათი წარმატებული და ბედნიერი მომავლის საწინდარია.


No comments:

Post a Comment